ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გამოიყენება იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან.
„ჩვენ ვხედავთ, ეს იგივე სქემაა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ომის დაწყების დღიდან, იგივე სქემაა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა, მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს. ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.
ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის. არიან მონაწილე და ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძის შესახებ ჰკითხეს, რომელიც გამოკითხვაზეა დაბარებული, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და საუბრობენ იმაზე, რომ სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობს.
„საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვთ, ადვილად მისცემს პასუხისგებაში. არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება. ასე რომ, არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.









