უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც მხარეებმა ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგიის ცვლილება და მთავრობაში დაგეგმილი მასშტაბური საკადრო ცვლილებები განიხილეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ცვლის პოლიტიკურ სტრატეგიას, რათა უფრო ეფექტურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ, გამოცდილ პირებს დაეკისრებათ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იულია სვირიდენკოს მთავრობაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას უკვე შესთავაზა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი მიმართულების ხელმძღვანელობა.
თავის მხრივ, სვირიდენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო მთავრობის მეთაურობა უკრაინის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტსა და სამხედროებს ქვეყნის წინაშე გაწეული მუშაობისთვის.
უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას. თუმცა, მოქმედი მთავრობა თავის უფლებამოსილებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეინარჩუნებს.
ცვლილებები მხოლოდ მთავრობით არ შემოიფარგლება - პრეზიდენტმა ასევე დააანონსა საკადრო გადაადგილებები სამართალდამცავ ორგანოებში. ამ ეტაპზე ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა მედიაში კანდიდატებს შორის რამდენიმე მაღალჩინოსანი სახელდება.




