უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ დასავლელი დიპლომატები კიევის დატოვებას არ აპირებენ.
ამის შესახებ კატერინა მატერნოვამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მატერნოვა ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უცხოელ დიპლომატებსა და მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდეს.
„რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში სამშობიარო სახლებს, სკოლებსა და ელექტროსადგურებს ბომბავდა, ახლა მოულოდნელად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ჟენევის კონვენციების ენაზე ალაპარაკდა. სწორედ ის რეჟიმი, რომელიც ყოველ ღამეს სარაკეტო და დრონებით იერიშს ახორციელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ახლა სხვებს ურჩევს, შორს დარჩნენ“, — წერს ელჩი.
მატერნოვამ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი განცხადებებით რუსეთი პანიკისა და შიშის დათესვას ცდილობს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გაამართლებს.
„ჩვენ კიევში ვრჩებით. ჩვენ უკრაინასთან ერთად ვრჩებით. დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ საფრთხეები სიძლიერის ნიშანი არ არის. ეს სასოწარკვეთილების ნიშანია“, – აღნიშნა მან.
მატერნოვას განცხადებით, რაც უფრო აგრესიულია კრემლის რიტორიკა, მით უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინის რეჟიმი აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია, გატეხოს არც უკრაინის გამძლეობა და არც მისი პარტნიორების მხარდაჭერა.










