ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან ომში ჩართვას არ აპირებს.
ლუკაშენკომ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, რუსეთი უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდან დაესხას თავს.
ამავდროულად ლუკაშენკომ კიევი გააფრთხილა, რომ „აგრესიის შემთხვევაში“ ბელარუსი და რუსეთი თავს ერთობლივად დაიცავენ.
„რაც შეეხება ზელენსკის განცხადებებს, რომ ბელარუსი ომში ჩაერთვება, როგორც უკვე ვთქვი, ის მხოლოდ ერთი პირობით ჩაერთვება ომში: თუ ჩვენი ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. თქვენ მოუსმინეთ რუსეთის პრეზიდენტს, ჩვენ ერთობლივად დავიცავთ ჩვენს სამშობლოს ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე. ამიტომ, თუ ომში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში, ჩვენ ჩავერთვებით, ეს მოხდება ერთი პირობით: თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ. ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში ომში ჩართვას. ამის საჭიროება არ არსებობს”,- განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის ლიდერის თქმით, მზადაა, ზელენსკის შეხვდეს თუ უკრაინის ლიდერსაც სურს საუბარი.
„თუ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს რაიმეზე საუბარი, თუ სურს რჩევის მიღება ან სხვა რამ, მას შეუძლია, ეს გააკეთოს. ჩვენ ღია ვართ ამისთვის. უკრაინის ან ბელარუსის ნებისმიერ ადგილას მზად ვარ შევხვდე მას და განვიხილოთ ბელარუს-უკრაინის ურთიერთობების პრობლემები”,- აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსის უკრაინაში ომში უფრო ღრმად ჩათრევას და განიხილავს გეგმებს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთით ან ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელოს. 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, რუსული არმიის ნაწილი უკრაინაში ჩრდილოეთიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა. თავდასხმაში ბელარუსის ჯარები არ მონაწილეობდნენ.









