აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს საჭიროების შემთხვევაში ვენესუელაში ჯარისკაცების გაგზავნის არ ეშინია და ამერიკელი სამხედროები ადგილზე სპეცოპერაციის დღესაც იყვნენ მობილიზებულები. მანვე დაამატა, რომ აშშ მზად არის, ეს ხელახლა გააკეთოს, თუ საჭირო გახდება. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"ხმელეთზე ჯარისკაცების გაგზავნის არ გვეშინია, თუ ეს დაგვჭირდება. წინა ღამით ხმელეთზე ჯარისკაცები ძალიან მაღალ დონეზე გვყავდა, რეალურად. ამის თქმასთან პრობლემა არ გვაქვს. უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჯეროვანი იქნება. ახლა იქ ვართ. მზად ვართ, ხელახლა წავიდეთ, თუ საჭირო გახდა". - თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდასხმის მეორე ტალღისთვისაც მზად არიან და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა იერიში "იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მეორე სავარაუდოდ არ დასჭირდებათ".
ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ აშშ-ს შესაძლოა ვენესუელაში წარმომადგენლობის ყოლა ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების გამო დასჭირდეს, თუმცა ეს "ძალიან ბევრი არ იქნება".
"ვენესუელაში წარმომადგენლობა გვეყოლება, რამდენადაც ეს ნავთობს ეხება, რადგან უნდა გვყავდეს. ჩვენს ექსპერტიზას ვგზავნით. ამიტომ, რაღაც საჭირო იქნება, თუმცა ეს ძალიან ბევრი არ იქნება. ჩვენ მიწიდან უზარმაზარი რაოდენობის დოვლათს ამოვიღებთ და ეს დოვლათი მივა ვენესუელელ ხალხთან და ხალხთან ვენესუელის გარეთ, რომლებიც ადრე ვენესუელაში იყვნენ". - თქვა ტრამპმა.








