ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნო.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 1400 მოსწავლეზეა გათვლილი.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების ნაწილია და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნას.

,,აქტიურად ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის. ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მომავალი სასწავლო წლისთვის ქალაქს ოთხი - ორი ახლად აშენებული და ორი სრულად რეაბილიტირებული სკოლა შეემატება.

დღეს ბათუმის ახალი N21 საჯარო სკოლა დავათვალიერეთ. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული სასწავლო სივრცე, სადაც მოეწყო ღია და დახურული სპორტული დარბაზები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მრავალფუნქციური სასწავლო სივრცეები. პროექტის ღირებულება 7,5 მილიონ ლარს შეადგენს და ახალი სასწავლო წლიდან 1400-მდე მოსწავლე შეძლებს სწავლას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის ინვენტარითა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პარალელურად დაწყებულია ავტორიზაციის პროცესი და პედაგოგიური პერსონალის შერჩევა, რათა ახალი სასწავლო წლიდან სკოლამ შეძლოს მოსწავლეების მიღება.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2026-2028 წლებში რეგიონში დაგეგმილია 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს კი აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 25 სკოლის მშენებლობა და 50-მდე სკოლის სრული ან ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.