სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დასძინა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი სომხეთში განხორციელებულ ერთ-ერთ სუპერპროექტს წარმოადგენს, ხოლო ბაგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია, რომლის მშენებლობისთვისაც განსაკუთრებული უნარებია საჭირო.
„როგორც საფრანგეთი, ასევე პრეზიდენტი მაკრონი სომხეთის გვერდით დგანან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სუპერპროექტი უკვე ყალიბდება და ჩვენ წარმოვიდგენთ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ამ გზის სრულად ექსპლუატაციაში გასაშვებად“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხური მედიის თანახმად, ეს გზა (ნაწილობრივ ახალი, ნაწილობრივ არსებულის გაფართოება) ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს 550 კმ-დან 490 კმ-მდე შეამცირებს, რაც დააჩქარებს სომხეთში გადაადგილებას და ქვეყნისთვის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის (მათ შორის, ირანიდან შავ ზღვამდე საქონლის გადატანისთვის).









