აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა დაიწყო ოპერაცია „ეკონომიკური რისხვა“, ირანზე ფინანსური ზეწოლის კამპანია.

ბესენტის თქმით, ირანმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მეზობელ ქვეყნებზე დაბომბვა დაიწყო, რადგან ახლა ეს ქვეყნები თავიანთ საბანკო სისტემებში არსებულ ირანული სახსრების შესახებ „უფრო გამჭვირვალე“ გახდნენ.

ამასთან, სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-მა აღნიშნულ ქვეყნებს მოსთხოვა, გაყინონ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობის ანგარიშები.

როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, ორმა ჩინურმა ბანკმა სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან გაფრთხილება მიიღო, თუ დადასტურდება, რომ მათ ანგარიშებზე ირანული სახსრები ინახება, შეერთებული შტატები მეორად სანქციებს დააწესებს.

მისივე თქმით, ანალოგიური გაფრთხილება გაეგზავნათ ქვეყნებსაც, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.

ამავე პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დაარწმუნა დონალდ ტრამპი, რომ ჩინეთი ირანს იარაღს არ აწვდის.