მიზანშეწონილად მივიჩნიეთ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვეცადა გაგვეუმჯობესებინა არსებული პაკეტი და ამ გზით წავსულიყავით წინ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბურ რეფორმაზე საუბრისას.
ლაშა დოლიძის თქმით, ამოცანა სამი ძირითადი განმსაზღვრელი ელემენტისგან შედგება.
„აქ სათქმელია ის, რომ გვაქვს გარკვეული პოზიტიური ძვრები და ზრდა. თუმცა, რამდენად გვაკმაყოფილებს ეს, მეორე საკითხია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვეცადა, გაგვეუმჯობესებინა არსებული პაკეტი და ამ გზით წავსულიყავით წინ.
სამი ძირითადი განმსაზღვრელი ელემენტისგან შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ამოცანა. პირველ რიგში ის, რომ ჩვენი პროგრამები ხდება უფრო ერთიანობაზე, ინტეგრირებულ მიდგომაზე ორიენტირებული. ამაში ძალიან მარტივ რაღაცას ვგულისხმობ. მაგალითად, ბენეფიციარს, მეწარმეს, სოფლის მცხოვრებელს - ვისაც სურდა ამ პროექტის განხორციელება, მას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენება უწევდა ერთი პროექტის შესაკრავად. ვფიქრობთ, ეს მოვაქციეთ ერთი ქოლგის ქვეშ, რაც მარტივია. მეორე, ყველაფერი ეს უნდა იყოს მკაფიოდ შედეგზე ორიენტირებული, რაც გულისხმობს მონიტორინგის სისტემას თავისი არსით როგორც პროექტის დაწყებიდან, ისევე დასასრულამდე ეს ყველაფერი გაძლიერებული უნდა იყოს, რათა მკაფიოდ გავზომოთ დახარჯული ფულის ეფექტი, შედეგი დროსა და სივრცეში. მესამე, მიგვაჩნია, რომ იმ ამოცანების გადაჭრა, რაც უკავშირდება ექსპორტის შემდგომ ზრდას, ახალ ბაზრებზე გასვლას, არსებულ ბაზრებზე სიტუაციის განმტკიცებას.
და მეორე ნაწილი, რაც უკვე აღინიშნა, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით გვაქვს გარკვეული გამოსასწორებელი სექტორები. მიგვაჩნია, რომ ამ ამოცანებსაც უკეთესად მოვემსახურებით ამ პირველი ორი პოსტულატის დაცვით და მესამე ეს იქნება, რომ თვითონ პროექტებიც უნდა გახდეს მეტად კომერციულად ორიენტირებული“, - აღნიშნა მან.











