აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს „რუსი პროპაგანდისტი“ უწოდა.

როგორც სკოტ ბესენტმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთი სანქციების ეფექტს იგრძნობს. ჟურნალისტ მარგარეტ ბრენანის კითხვას – ცდება თუ არა დმიტრიევი სანქციების მოქმედებასთან დაკავშირებით და როდის იგრძნობს რუსეთი რეალურ ტკივილს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, რუსეთი ამ ეფექტს მაშინვე იგრძნობს. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ შეწყვიტა ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა. ბევრმა ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც შეწყვიტა. მარგარეტ, მართლა აპირებთ გამოაქვეყნოთ ის, რასაც რუსი პროპაგანდისტი ამბობს? სხვას რას იტყვის ის? რომ ეს საშინელება იქნება და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს?“.

ამასთან, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა ომის დროინდელია, ზრდა ფაქტობრივად ნულის ტოლია და ყველაფერი, რასაც აშშ მოიმოქმედებს, პუტინს მოლაპრაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.

„რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკა ომის დროინდელია. ზრდა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ინფლაცია, როგორც ჩანს, 20%-ზე მეტია და ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. რუსეთის საომარი მანქანა ნავთობით ფინანსდება და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი შემოსავლები“, – აცხადებს ბესენტი და აღნიშნავს, რომ მათი ნავთობიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 20%-ით შემცირდა.

ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ სანქციებმა მოსკოვის შემოსავალი კიდევ 20 ან 30%-ით შემცირდეს.

ცნობისთვის, კირილ დმიტრიევმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის არანაირ მცდელობას აზრი არ აქვს და რუსეთის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. ეს კი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა და ამ ნაბიჯით მოსკოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.რობა

თარგმანი: პირველი არხი