რუსული პრესა კურსკის ოლქში შექმნილი „საგანგაშო მდგომარეობის" შესახებ წერს და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მიღწეული წარმატება მათ მხარეს მებრძოლი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დაქირავებული მებრძოლებს უკავშირდება, რუსეთის მხარეს კი მხარდამხარ სხვადასხვა ეროვნების მოხალისეები იბრძვიან.

რუსეთისკენ მარტო უკრაინელები არ მოიწევენ. ჩვენს რეგიონზე თავდასხმაში დიდი რაოდენობით უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცია ჩართული. რუსეთის წინააღმდეგ მოდიან იტალიელები, ფრანგები, რუმინელები, ქართველები, პოლონელები, - ამბობს დმიტრი ჯანიკაშვილი, რომელსაც რუსული პრესა მკითხველს წარუდგენს როგორც დონბასის მოხალისეთა კავშირის აპარატის უფროსის მოადგილეს, წმინდა გიორგის მე-7 მოხალისეთა ბრიგადის მენეჯმენტის ოფიცერს.

„ვინ აღარ არის იქ... და ისინი უკრაინის ბიუჯეტის კმაყოფაზე უცხოური სპეციალისტების შრომის ანაზღაურების ფარგლებში. სხვა საკითხია, რომ ეს ბიუჯეტი ივსება უცხოური გზავნილებიდან, დონაციებიდან, ტრანშებიდან. ანუ, დე ფაქტო ქვეყნებმა, რომლებმაც თავიანთი დაქირავებულები გაგზავნეს, მათი საქმიანობის უკრაინის გავლით ანაზღაურება დააკანონეს" - აცხადებს დმიტრი ჯანიკაშვილი ტელეკომპანია „ცარგრადთან".

კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, წინასწარი შეფასებით, 12 ათასი მტრის მებრძოლი შევიდა. მათ აქტიურად უჭერენ მხარს „ფორტუნის ჯარისკაცები“ საქართველოდან. „ქართული ლეგიონი“ იყო ავდეევკას მახლობლად. ახლა აქ გვემუქრებიან. ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას, - ამბობს დონბასის ველური დივიზიის მებრძოლმა საძახილით „დობრი“ .

კიევი ცდილობს კურსკის რეგიონზე ზეწოლის გაზრდას მედიაში გაშუქების გზით. როცა ხედავენ, რომ არის საინფორმაციო ველი, უცხოური თუ ჩვენი 360 არხი მაინც რომ არის მოსული, არ ერიდებიან არანაირ მსხვერპლს. ახლა ისინი ფრონტის ყველა სექტორიდან მოხსნიან ქვედანაყოფებს და აქეთ გადმოისვრიან, მიუხედავად იმისა, რომ ავდეევკაში მათი ფრონტის ხაზი იბზარება., ჩვენ კი იქიდან არავინ გადმოგვიყვანია. კურსკის ოლქში ჩამოვიდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ისვენებდნენ, შვებულებაში იმყოფებოდნენ, - ამბობს ველური დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი ახრა ავიძბა.

მისი თქმით, კურსკის ოლქში საფრთხეების თავმოყრა თანდათანობით ხდება და უკვე ამის შემდეგ საჭირო იქნება ტერიტორიის გაწმენდა. ამასთან, ახრა ავიძბა ამბობს, რომ კურსკში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჯერ პროგნოზები არაა საჭირო, რადგან უკრაინელებს, რათა ვინმეს რამე დაუმტკიცონ, შეუძლიათ ჯარების მოხსნა და კურსკში გადაყვანა.

აღვნიშნავთ, რომ ე.წ. მოხალისე დმიტრი ჯანიკაშვილი (საძახილი „არაბი") დონბასამდე ახლო აღმოსავლეთში (სირია) და აფრიკაში იბრძოდა. ახრა ავიძბა აფხაზი სეპარატისტია და წლებია დონბასში იბრძვის. მის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ დანაყოფს ადრე პიატნაშკა ერქვა, 2023 წელს კი მას სხვა დანაყოფები, მათ შორის, ოსური ბატალიონი სარმეტი, რომელსაც წარმოშობით ცხინვალელი ნანიევი ხელმძღვანელობს, მიუერთდა და ველური დივიზია უწოდეს.

ტელეკომპანია „ცარგრადი", რომლის მიერ მომზადებული მასალაც სხვა რუსულმა სააგენტოებმა აიტაცეს, ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის და არაერთი სხვა ქვეყნის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, პრომონარქული ორგანიზაცია „ორთავიანი არწივის" თავმჯდომარე კონსტანტინ მალოფეევის მიერ დაფუძნებულ მედიაჯგუფ „ცარგრადის" შემადგენლობაშია. მალოფეევის იდეოლოგიური საქმიანობა სრულ უნისონშია თავისი შავრაზმული შეხედულებებით ცნობილ, რუს ფილოსოფოსად წოდებულ ალექსანდრ დუგინთან.


ფოტო გადაღებულია მიმდინარე წლის 14 მაისს, ევრაზიანიზმის დედაქალაქად წოდებულ ყაზანში, ყაზანის უნივერსიტეტში მიმდინარე ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum" მიმდინარეობის დროს.