რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმა ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, ალექსეი მოსკალიოვს ბრალი წაუყენეს "რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში" და ტულის ოლქში მას შემდეგ დააკავეს, რაც დაადანაშაულეს, რომ სისტემატურად აქვეყნებდა ომის საწინააღმდეგო პოსტებს. Reuters წერს, რომ კაცი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რადგან შინაპატიმრობიდან გაიქცა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მოსკალიოვმა "მისი პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით, თავისი სოციალური ქსელების გვერდზე გამოაქვეყნა განცხადებები ტექსტურ-გრაფიკული პუბლიკაციების სახით და რუსეთის ფედერაციის არმიის დისკრედიტაცია მოახდინა". სასამართლოზე წაიკითხეს მოსკალიოვის ერთ-ერთი პოსტი, სადაც ვკითხულობთ: რუსეთის არმია, მჩაგვრელები ჩვენ ირგვლივ.
CNN წერს, რომ გასული წლის აპრილში, მოსკალიოვის 12 წლის შვილმა ხელოვნების გაკვეთილზე უკრაინული ოჯახის მიმართულებით ნასროლი რუსული რაკეტები დახატა და დაწერა ფრაზები: "არა ომს", "დიდება უკრაინას". მათი განცხადებით, ამის შემდეგ, სკოლამ პოლიცია გამოიძახა.
რუსეთის არმიის განმეორებითი "დისკრედიტაციის" მიზეზით, რაც სოციალურ ქსელში მის პოსტებს უკავშირდებოდა, 30 დეკემბერს მოსკალიოვის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მიმდინარე თვის დასაწყისში მას შინაპატიმრობა შეუფარდეს, რის შემდეგაც მისი შვილი თავშესაფარში გადაიყვანეს.