ჰოლივუდის ყოფილი კინო მაგნატი, ჰარვი ვაინშტაინი, სასამართლომ სექსუალური ხასიათის კიდევ ერთ დანაშაულში ცნო დამნაშავედ. ვაინშტაინმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს შეწყალების თხოვნით მიმართა, ვიდრე კიდევ ერთი გაუპატიურების ბრალდება დაუმტკიცდებოდა და 16-წლიანი სასჯელი დაემატებოდა.
"გთხოვთ, სამუდამო პატიმრობას ნუ მომისჯით. ამას არ ვიმსახურებ," - ვაინშტაინმა თხოვნით მიმართა სასამართლოს.
ჰოლივუდში რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას 80-ზე მეტი ადამიანი ადანაშაულებს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში - დანაშაულებში, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო.
ვაინშტაინის ადვოკატები უწინაც ცდილობდნენ კლიენტისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ "მისი გაუარესებული ჯანმრთელობის, შვილებისა და ქველმოქმედების გამო", თუმცა მიუხედავად მათი მოთხოვნებისა, 2020 წელს ჰარვი ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ახლა კი 70 წლის ყოფილ პროდიუსერს კიდევ 16-წლიანი სასჯელი დაემატა, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლის დარჩენილი წლების გატარება საპყრობილეში მოუწევს.