დღეს, 7 ნოემბერს რუსეთმა ოფიციალურად დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. ამ დოკუმენტით შეზღუდული იყო ხელმომწერი ქვეყნების საბრძოლო ტანკების, ჯავშანმანქანების, არტილერიის, ვერტმფრენების და თვითმფრინავების რაოდენობა.

AP–ის ცნობით, NATO–ში განაცხადეს, რომ მისი წევრები, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერები არიან, წყვეტენ პაქტში მონაწილეობას.

ალიანსის მოკავშირეების უმეტესობას ხელი ჰქონდა მოწერილი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ცივი ომის პერიოდის მეტოქეებისთვის ხელის შეშლას, თავი მოეყარათ ძალებისთვის მათ ორმხრივ საზღვრებთან ან მის მახლობლად.

ბლოკში განაცხადეს, რომ „მიუღებელი იქნება სიტუაცია, როდესაც ალიანსის წევრი ქვეყნები იცავენ ხელშეკრულებას, მაგრამ რუსეთი – არა“.

ხელშეკრულებას 1990 წლის ნოემბერში, პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს წევრმა 16-მა სახელმწიფომ და „ვარშავის პაქტის“ მონაწილე 6-მა ქვეყანამ.1999 წელს, სტამბოლში, ეუთოს სამიტზე გაფორმდა ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა, ის რატიფიცირებული არ ყოფილა ნატოს სახელმწიფოების მიერ.2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების ბრძანებას, 2023 წლის მაისში კი, პარლამენტს მიმართა ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებით.

რუსეთმა ძალადაკარგულად გამოაცხადა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული, იურიდიული ვალდებულების ძალის მქონე კიდევ ორი შეთანხმება. 1990 წლის ნოემბერში, ბუდაპეშტში გაფორმებული შეთანხმება და 1996 წლის მაისში ხელმოწერილი ე.წ. ფლანგების დოკუმენტი. პირველი განსაზღვრავდა „ვარშავის პაქტის“ მონაწილე ქვეყნების ჩვეულებრივი შეიარაღების დონეს, მეორე კი, საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტის გამო, ფლანგებზე შეზღუდვის პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა.