NATO უკრაინას 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას გადასცემს, ამის შესახებ დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უზრუნველყო 2,4 მილიარდი ევროს კონტრაქტები საბრძოლო მასალისთვის, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მოკავშირე ქვეყნებს მარაგების შევსებაში და ამასთანავე, უკრაინის დახმარებას. კონტრაქტები მოიცავს ისეთ იარაღს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და 155 მილიმეტრიანი საარტილერიო აღჭურვილობა.
„რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებსა და სამიტებს, დაყვანილია იარაღის მოძიებაზე ისეთი რეჟიმებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა“, - განაცხადასტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევს დღეს ეწვია. მისი და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსული ტერორისგან დაცვა, რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება იყო.
ასევე საუბარი შეეხებოდა რუსეთის შესაძლო გეგმებზე და NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი მიწოდების შესაძლებლობას.