ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.

სახლ-მუზეუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საზეიმოდ გახსნეს.

„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან  მსგავსი სივრცეები ქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.

რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა.

ეროვნულ გმირის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.

თბილისის მერთან ერთად, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი მერის მოადგილეებმა ანდრია ბასილაიამ და კახა აბულაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიგა დაიაურმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს.

ფოტოები თბილისის მერია