რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობისა და გაზის წარმოების შვიდი ობიექტის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა.

თავდასხმის შედეგად „უკრნაფტის“ მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობა განადგურდა, რამაც გამოიწვია არაერთი ობიექტის გათიშვა და წარმოების მნიშვნელოვანი მოცულობის დაკარგვა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს იყო ბოლო დროს „უკრნაფტის“ ობიექტების ყველაზე მასშტაბური დაბომბვა.

გარდა ამისა, რუსეთი თავს დაესხა კომპანიის ოთხ ბენზინგასამართ სადგურს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

პარალელურად, რუსების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის საჰაერო დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

უკრაინული მედიის თანახმად, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის გზატკეცილზე სამოქალაქო პირთა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ასევე დრონი გამოიყენეს სუმის ოლქის ბაზარში მყოფ ადამიანებზე თავდასხმისთვის, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა.