რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული უფლებადამცველი ფონდი Human Rights Foundation (HRF) "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა. 2024 წლიდან ფონდის დირექტორთა საბჭოს იულია ნავალნაია ხელმძღვანელობს (მან ამ პოსტზე გარი კასპაროვი შეცვალა).

რუსეთის უწყების განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფონდის მიერ პროექტ Tyranny Tracker-ის გაშვება გახდა — ეს არის ინტერაქციული რუკა, რომელიც აფასებს სახელმწიფოების ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი და სადაც რუსეთი "სრულად ავტორიტარულ" რეჟიმადაა მოხსენიებული. გარდა ამისა, გენპროკურატურა ფონდს რუსეთის შეიარაღებული ძალების "დისკრედიტაციასა" და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.  

Human Rights Foundation აშშ-ში 2005 წელს დაარსდა და მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვით არის დაკავებული.