რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კვლავ იუწყება.

"დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ვოსკრესენსკის რაიონში გაანადგურეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა", –წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში.

სობიანინის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.

დღეს დილით მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროებით შეზღუდა თვითმფრინავების მიღება და გაშვება. მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის აეროპორტები მუშაობას დროებით წყვეტენ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევებისას, რომლებიც მაისიდან გახშირდა.

ბოლო რამდენიმე თვეა, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.