„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა და გამოჩნდა დედათა სიკვდილიანობის შემცირების დადებითი ტენდენციებიც. აღნიშნული კი სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაორმაგდა ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა ორსულებისთვის; დაიწყო  მშობიარობის შემდგომი ვიზიტის და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. დედათა და ბავშვთა პროგრამას დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%).

„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.

განხორციელდა ანტენატალური და პერინატალური დაწესებულებების რეგიონალიზაცია. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინდიკატორები არა მარტო ჯანდაცვის სისტემის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასების  ინსტრუმენტია“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.