რუსული სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდნენ.

„მოსკოვი სითიდ" წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც არაერთი სამინისტროსა და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირად ღირებული საცხოვრებელი აპარტამენტები მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო.

მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის ინფორმაციით, გასულ ღამით დრონი მოხვდა მშენებარე შენობას და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "მოსკოვზე თავდასხმის მცდელობა იყო თვითმფრინავის ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 2 გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ხიმკის და მოჟაისკის რაიონების ტერიტორიაზე, 1 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მართვის დაკარგვის შემდეგ შეეჯახა „მოსკოვი სითიში“ მშენებარე შენობას".

ბოლო რამდენიმე თვეა, გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.