რუსეთმა საკუთარი დასავლეთის პორტებიდან მაისში, აპრილთან შედარებით, ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა და რვა თვის მაქსიმუმს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, მაისის ექსპორტი დასავლეთის პორტების, პრიმორსკის, უსტ-ლუგის და ნოვოროსიისკის გავლით აპრილში 2.2 მილიონი ბარელიდან დღეში 2.5 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ნედლი ნავთობის ექსპორტის ზრდა რუსეთს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს წარმოების მასიური შემცირება. ოფიციალური მონაცემებისა და წყაროების თანახმად, ცენტრალური რუსეთის თითქმის ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეემცირებინა საწვავის წარმოება ბოლო დღეებში უკრაინული დრონებით თავდასხმების შემდეგ.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გათიშვა მოსკოვს ნავთობის ექსპორტის გაზრდისკენ უბიძგებს.
მათივე ცნობით, უკრაინამ გაზაფხულზე გააძლიერა დრონებით თავდასხმები როგორც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე ნავთობის ექსპორტის ობიექტებზე, რამაც რუსეთში საწვავის დეფიციტი გამოიწვია და, ამავდროულად, ნავთობის წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედა.








