ავიაკომპანია „რაინეარი“ ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარში” განაცხადეს, რომ ბერლინში მოქმედ ბაზას დახურავენ და ზამთრის სეზონზე გერმანიის მიმართულებით ფრენებს 50%-ით შეამცირებენ.

ავიაკომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მოსაკრებლები და გადასახადებია. კომპანიის ცნობით, ბერლინში განთავსებული შვიდივე თვითმფრინავს გადაიყვანენ უფრო დაბალი ხარჯების მქონე ევროპულ აეროპორტებში, მათ შორის შვედეთში, სლოვაკეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში დასაქმებულმა პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბაზის დახურვა 24 ოქტომბრიდან იგეგმება.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა კომპანიის ევროპულ ქსელში ალტერნატიული სამუშაო პოზიცია მიიღოს. ამ ფონზე, გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ივლისიდან საჰაერო მიმოსვლის გადასახადი შემცირდება და 2024 წლის მაისის დონეს დაუბრუნდება.