თანამშრომლობის საგზაო რუკა, რომელიც გულისხმობს ურთიერთქმედებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ, საკონსულო, საგანმანათლებლო, ასევე ტურიზმის, მედიის, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში - ეს არის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ოფიციალური შედეგები.
იმავდროულად, ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის მმართველი თეირანში კრემლის სახელით გაემგზავრა. არის თუ არა ეს ასე?
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო თეირანში მოგზაურობისას "კრემლის ვასალის" როლს ასრულებდა. მათი აზრით, ბელარუსის მმართველის დახმარებით, რუსეთი ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს.
"მისი ვიზიტი თეირანში, სავარაუდოდ, კრემლის უფრო ფართო მცდელობის ნაწილია, რათა უზრუნველყოს ირანის მუდმივი მხარდაჭერა საერთაშორისო სანქციების ფონზე. კრემლი, სავარაუდოდ, გააგრძელებს ლუკაშენკოს გავლენის გამოყენებას თეირანთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად", - ნათქვამია ყოველდღიურ ანალიტიკურ მიმოხილვაში.
ლუკაშენკოს ირანში მოგზაურობის წინა დღეს, ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სახალხო ანტიკრიზისული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ ლატუშკომ განაცხადა, რომ ლუკაშენკო ირანთან, რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებას აპირებს, რათა გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
"ჩვენ ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია, ბელარუსის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო თვითმფრინავების წარმოების შემუშავება და მომზადება მიმდინარეობს", - აღნიშნა ლატუშკომ.
ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ექსპერტი გრიგორი ნიჟნიკოვი ასევე არ გამორიცხავს, რომ მინსკმა და თეირანმა განიხილონ რაიმე სახის ერთობლივი სამხედრო-ტექნიკური წარმოების შექმნა, მაგრამ ის ეჭვობს, რომ ბელარუსს შეუძლია, ირანს "რაღაც სერიოზული შესთავაზოს." "ვფიქრობ, მოსკოვი ირანიდან იღებს ყველა იმ იარაღს, რომლის მიწოდებაც ირანს სურს. შესაბამისად, რა აზრი აქვს ლუკაშენკოს ვიზიტს?", - ამბობს DW-ის თანამოსაუბრე.
"ბელარუსი და ირანი პარტნიორები არიან. ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება და ეს ყველამ იცის. მათ ახლა სჭირდებათ ურთიერთქმედება." - ამბობს უკრაინელი ექსპერტი აღმოსავლეთ აზიის საკითხებში ნატალია პლაქსიენკო-ბუტირსკაია.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბელარუსმა შეიტანა განაცხადი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) გაწევრიანებაზე, რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ ირანი გახდა. "არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ღიაა ამ ორი ქვეყნისთვის, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან. გარდა ამისა, ლუკაშენკომ თქვა, რომ საუბარი იყო დიპლომატიურ დონეზე მხარდაჭერაზე, ე.ი. რაც შეეხება სანქციების საკითხებს და ზოგიერთ სხვა საკითხს საერთაშორისო დონეზე. ისინი მხარს დაუჭერენ ერთმანეთს გაეროში", - განმარტავს DW-ის თანამოსაუბრე.
შეგახსენებთ, რომ ირანი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება 1979 წლიდან. 2022 წელს დასავლეთმა გააფართოვა სანქციები თეირანის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერისა და ირანში პროტესტის მკაცრი ჩახშობის გამო. ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ბოლო მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ მზადაა ბელარუსს გაუზიაროს ეკონომიკის განვითარების გზები დასავლური სანქციების პირობებში.
ირანმა ისწავლა სანქციების გვერდის ავლა და მეტიც, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ელემენტების წარმოება, რაც რუსეთისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ამით სარგებლობს როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე ბელარუსი", - ამბობს ნატალია პლაქსიენკო-ბუტირსკაია.
ამასთან დაკავშირებით, ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ჩინეთიც ეწინააღმდეგება სანქციების ზეწოლას: "ჩინეთს არ მოსწონს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა გარკვეული სანქციები დაუწესეს მის წარმომადგენლებს ჰონკონგსა და სინციან უიღურ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ ის რაღაცნაირად ეხმარება რუსეთს, შესაძლოა სანქციები დაწესდეს. ჩინეთი ხმამაღლა აცხადებს, რომ სანქციების წინააღმდეგია და მის ირგვლივ ქვეყნების წრე ყალიბდება (რუსეთი, ირანი, ბელარუსი)".
ნატალია პლაქსიენკო-ბუტირსკაია ასევე მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოსთვის მნიშვნელოვანია გაყიდვების ბაზრების მოძიება, რადგან დასავლეთი მთლიანად დაიხურა მისთვის. მისი აზრით, ირანი ბელორუსისთვის შეიძლება არა მხოლოდ გაყიდვების ბაზარი, არამედ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტი გახდეს.
"ლუკაშენკო თეირანში წავიდა, პირველ რიგში, ფულისთვის. ნახავს, რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამან. რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა როგორმე შეუერთდეს ამ ანტიდასავლურ კოალიციას, რომელიც ახლა ყალიბდება და ნახოს, რა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მიიღოს ამით", - აღნიშნავს გრიგორი ნიჟნიკოვი.
თუმცა, მისი აზრით, ეს ვიზიტი ალექსანდრ ლუკაშენკოს სასურველ ეფექტს ვერ მოუტანს. "ვფიქრობ, სარგებელი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ეს მხოლოდ წვეთია ოკეანეში", - ამბობს ნიჟნიკოვი.