გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (DESA) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ქალაქებში მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს.
გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქებში ამჟამად მსოფლიოს 8.2 მილიარდი მოსახლეობის 45% ცხოვრობს და ხაზგასმულია, რომ მეგაპოლისები აგრძელებენ ზრდას და ახალი რეკორდების დამყარებას.
ანგარიშის თანახმად, მეგაპოლისების - 10 მილიონი ან მეტი მოსახლეობით ქალაქების - რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და თუ 1975 წელს მსოფლიოში მხოლოდ რვა მეგაპოლისი იყო, ამჟამად მათი რაოდენობა ოცდაცამეტია. მეგაპოლისების უმეტესი ნაწილი აზიაშია.
ანგარიში, რომელიც ეფუძნება გაეროს შეფასებებს და ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემების განახლებას, ხაზს უსვამს ურბანული მოსახლეობის მკვეთრ ზრდას - შედარებით ახალ ფენომენს.
ჯერ კიდევ 1950 წელს, ურბანული ცხოვრება იშვიათობა იყო: მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობდა ქალაქებში.
ტოკიოში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა, ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობის თანდათანობითი ზრდა შეინიშნებოდა და მას გაუსწრეს ჯაკარტამ და დაკამ. ამ ორ ქალაქის მოსახლეობა 2000 წლიდან შესაბამისად, ხუთჯერ და შვიდჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ტოკიოში.
ამჟამად ჯაკარტაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დაკაში - თითქმის 37 მილიონი, ხოლო ტოკიოში კი 33,4 მილიონი.
ქალაქები, რომლებიც განისაზღვრება, როგორც აგლომერაციები, სადაც მინიმუმ 5000 მოსახლეა და მოსახლეობის სიმჭიდროვე მინიმუმ 300 ადამიანია კვადრატულ კილომეტრზე, ყველაზე გავრცელებული დასახლების ტიპია 71 ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში და შეერთებულ შტატებში. სოფლის ტერიტორიები კვლავ ყველაზე გავრცელებულ დასახლების ტიპად რჩება 62 ქვეყანაში (1975 წლის 116-თან შედარებით), მათ შორის, ავსტრიაში, ფინეთსა და რუმინეთში.
ანგარიშის თანახმად, 1975 წლიდან 2025 წლამდე მსოფლიოში ქალაქების საერთო რაოდენობა გაორმაგდა. პროგნოზის მიხედვით კი, 2050 წლისთვის მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს 12 000-დან 15 000-მდე, რაც 25%-იანი ზრდაა. 2050 წლისთვის სოფლის ტერიტორიები კვლავ ყველაზე გავრცელებულ დასახლების ტიპად დარჩება მხოლოდ 44 ქვეყანაში.




