არ მტოვებს აზრი, რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ აფხაზეთის წარმომადგენლებთან ჩვენს შეხვედრებზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, იგი აკვირდება სიტუაციას, რომელიც საქართველოში ვითარდება.
„არ შეიძლება, იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის? შესაძლოა, ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას.
ვაკვირდები ვითარებას, რომელიც საქართველოში ვითარდება. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რატომღაც, არც ისე საამაყოდ გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი იყო. მიაღწიო იმ დონეს, როგორიც ახლა ვითარდება, უბრალოდ საამაყო არ არის. რატომ ვამბობ ამას – ჩვენ არ მიგვიცია შეფასებები, არ ჩავრეულვართ ამ სიტუაციაში. ჩვენ შევინარჩუნეთ და ვინარჩუნებთ შეძლებისდაგვარად ძალიან კარგ ურთიერთობას თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მკვეთრად. ვფიქრობ, დამეხმარებით ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრაზე.
წყარო: საქართველოს პირველი არხი.