28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება.

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.