პარლამენტის ბოიკოტს მოჰყვა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რაც დასრულდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, რამაც რეალურად ოპოზიცია კი არ გააძლიერა, პირიქით უფრო დაასუსტა ის, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხაა.

„არითმეტიკულად, 12 დეპუტატი 89 დეპუტატის დაძლევას ხმების რაოდენობით ვერ შეძლებს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ღირსეული, ევროპული, ჯანსაღი სტანდარტის პოლიტიკა ვაკეთოთ. ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რადგან ყველას გვინდა ევროპა ბევრი ფაქტორის გამო, მაგრამ მათ შორის გვინდა იმის გამო, რომ პოლიტიკის კეთებაც ევროპული სტანდარტით იყოს. ძალიან ბევრი მოვლენა და პერიპეტიები გვინახავს ჩვენ საქართველოს უახლეს ისტორია, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მწვავე ოპოზიციონერი სულაც არ იქცეოდე ევროპულად. ამიტომ, ეს ჩვენი გამოწვევაც არის, რომ ეს სტანდარტი დავიცვათ. მე ამ შემთხვევაში ოპონირების კულტურაზე ვსაუბრობ და იმაზე, რომ პირველ რიგში, ოპონირება ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი, პოპულიზმისგან შედარებით დაცლილი, მაგრამ ისეთი ოპონირება, რომელიც შენს ოპონენტს კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს. ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს ისეთი ტიპის ოპონირება, როდესაც პირიქით ხდება. საზოგადოების თვალში შეიძლება ჩანდეს, რომ ის ასუსტებს, მაგრამ სინამდვილეში აძლიერებს. ძალიან ხშირად, ჩვენ ვხედავთ როგორ იყენებს ასეთი ტიპის არასწორ ოპონირებას "ოცნება" და ისევ თვითონ გამოდის გამარჯვებული და ისევ თვითონ ცდილობს ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს დააჯეროს, რომ მისი პოზიცია უფრო მართალია.

თუნდაც დღევანდელი ინტერპელაცია რომ ავიღოთ, ნებისმიერი დღე, როდესაც სესიაა, რაც "ოცნების" მხრიდან გახმოვანებული ინფორმაცია შეიძლება ნახოთ, 90%-ი ჩვენს მიერ დასმული კითხვების პასუხად არის ნათქვამი. რომ არა ჩვენ, ისინი კიდევ უფრო ჩუმად იქნებოდნენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღევანდელი ინტერპელაციაც ამის პირდაპირი დასტურია. [ბოიკოტი] ეს იყო დიდი შეცდომა და ამ შეცდომას მოჰყვა მთელი ციკლი შეცდომებისა, რომელიც იყო თანამდევი ამ პროცესის. მერე მოჰყვა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რაც დასრულდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, რამაც რეალურად ოპოზიცია კი არ გააძლიერა, პირიქით უფრო დაასუსტა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.