სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

„გზები უკვე გაკეთდა ბარათაშვილის, თბილისისა და ლერმონტოვის ქუჩებზე, ხოლო სამუშაოები დაწყებულია კოლხეთის, ბესიკისა და თაყაიშვილის ქუჩებზე, სრულად შეიცვალა ცენტრალური პარკის გარე წრეზე და პარკის შიდა ტერიტორიაზე დაზიანებული სანათები.

მიმდინარეობს გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გ. ტაბიძის ქუჩაზე. 2026 წელს კი, დაგეგმილია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარე განათების ქსელის განახლება, ასევე სასტუმრო „პრომეთეს“ წინ მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მომზადებულია შესაბამისი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნურ კუნძულზე საათის, ახალი საგზაო ნიშნებისა და ორმხრივი მოძრაობის ზოლების მოწყობას“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. მისივე თქმით, პრიორიტეტულია თამარ მეფის ქუჩაზე არსებული დასახლების ურბანული განვითარების საკითხი.

„პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები, განსახორციელებელი გეგმა მოიცავს ჭავჭავაძის ქუჩის ცენტრალურ ნაწილში არსებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაციასაც. გასული ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. 2026 წელს გავაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რეკრეაციული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას. 2027 წელს კი დავასრულებთ გზების რეაბილიტაციასა და სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგებას მუნიციპალიტეტის სოფლებში. მთავარია ის ფაქტი, რომ წყალტუბოს თვითმმართველობა კოორდინირებულად მუშაობს. ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენი მიზანია წყალტუბოს განვითარება და ადგილობრივი მოსახლობის კეთილდღეობაზე ზრუნვა“, - აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ. სხდომაზე ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ ისაუბრა 2025 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ყურადღება გაამახვილა გზების დაგებისა და სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგების მხრივ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ფატი გაგოშიძემ მრჩეველთა საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც ფატი გაგოშიძემ აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 38 500 000 ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წელთან შედარებით 3 124 700 ლარით მეტია. განახლებულ სოციალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2026 წლიდან გაიზრდება ონკოპაციენტების დახმარების პროგრამების დაფინანსება, ასევე გრძელდება უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ასეთი ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ავეჯისა და ტექნიკის შეძენის ხარჯები.