რუსული ენერგოგიგანტი "ლუკოილი" თავის უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანია Carlyle Group-ს მიჰყიდის, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება "ლუკოილის" მმართველების მიერ ოფიციალურად უკვე მიღებულია. კომპანია ახლა აშშ-ის მთავრობის თანხმობას ელოდება.

რუსული "ლუკოილი" ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანიას 28 თებერვლამდე მისცა ვადა, რათა მან თავისი უცხოური აქტივები გაყიდოს, წერს Reuters-ი.

თუ გარიგება შედგება, ეს იქნება უცხოეთში "ლუკოილის" ექსპანსიის დასასრული. "ლუკოილის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ამერიკულ Carlyle Group-თან შეთანხმებას მიაღწია და მას გადასცემს LUKOIL International GmbH-ს, რომელიც "ლუკოილის" უცხოურ აქტივებს ფლობს.

Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია "ლუკოილის" აქტივებზე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და მექსიკაში. გარდა ამისა, "ლუკოილი" ფლობს ერაყში დასავლეთ კურნა 2-ის ნავთობის საბადოს და ბულგარეთსა და რუმინეთში ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს.