შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციირებულ "მშვიდობის საბჭოს" წევრობას 35-მდე ქვეყანა დათანხმდა. იტყობინება Reuters თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპმა საბჭოს წევრობაზე მოწვევა დაახლოებით 60 ქვეყნის ლიდერს გაუგზავნა, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს. 

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნების 16 პოლიტიკოსსა და დელეგატთან ინტერვიუს შემდეგ, Reuters იტყობინება, რომ ზოგიერთი ქვეყანა ყოყმანობს შეთავაზებასთან დაკავშირებით.

"რამდენიმე ოფიციალურმა პირმა პირად საუბარში განაცხადა, რომ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" წევრობა უფრო აუცილებლობას ჰგავს, ვიდრე არჩევანს", - წერს Reuters. ამ საკითხზე საუბრისას, ზოგიერთმა დელეგატმა ახსენა "ვაშინგტონის მიერ გაზრდილი ტარიფები, ირანი, ვენესუელა, ღაზის სექტორი და გრენლანდია".

როგორც იუწყებიან, "მშვიდობის საბჭოს" წესდებას ხელი დავოსში 22 იანვარს მოეწერება. საბჭოს უვადოდ უხელმძღვანელებს დონალდ ტრამპი. აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში, სხვა ადამიანებთან ერთად, შევლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.

სააგენტოს ცნობით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შეშფოთებულია, რომ წესდების პროექტიდან გამომდინარე, "მშვიდობის საბჭოს" ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დონალდ ტრამპის ხელში იქნება კონცენტრირებული.

როგორც ჩანს, ტრამპი აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეობის შენარჩუნებას სამუდამოდ შეძლებს, რადგან მისი გადადგომა ან გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ მისი მოთხოვნით ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთსულოვანი თანხმობით.

Reuters-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთმანეთთან კონსულტაციებს გამართავენ, საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოები ინდივიდუალურად, მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.