"რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს. მან კენჭისყრაში დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
ვისკონსინის შტატში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა მოაგროვა 270-ზე მეტი ელექტორალური ხმა, რაც საჭირო იყო პრეზიდენტობის მოსაპოვებლად.
პარალელურად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.
წინასწარი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიოდში. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო, ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.