თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საია   ელოქტრნული წესით ჩატარებულ ყველა უბანზე შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. მეუღლის პოსტების გამო მოსამართლე ხუჭუას თავი უნდა აეცილებინა?! 

"➡ "ჩვენ არ ვეთანხმებით ელექტრონულ ხმის მთვლელ აპარატზე ჩატარებული ექსპერიმენტის ამორიცხვას ან/და ხელახლა ჩატარების შუამდგომლობას, რადგან ეს ექსპერიმენტი ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც თქვენი კოლეგები ესწრებოდნენ. ყველა დაეთანხმა, რომ ექსპერიმენტი სწორად ჩატარდა. მათ შორის არსებობს ვიდეო, სადაც ისმის, რომ თქვენ ეთანხმებით, რომ ექსპერიმენტი სწორადაა ჩატარებული. რა საფუძვლით უნდა მოხდეს მისი ამორიცხვა? გაუგებარია. ეს არის პირველი ინსტანციის საქმის შემადგენელი ნაწილი და მისი ამორიცხვის საფუძველი არ არსებობს.


➡ რაც შეეხება ხელახლა ჩატარებას: როდესაც თქვენ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენს მიერ მოტანილი აპარატის, თქვენს მიერ მოტანილი ჩარჩო-კონვერტისა და თქვენს მიერ მოტანილი ფლომასტრის გამოყენებით ჩატარებულ ექსპერიმენტს, ახლა, როდესაც უკვე იცით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ამ ექსპერიმენტისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გაბათილდა ოლქები, ჩვენ აღარ გვაქვს ნდობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი აპარატი, ან ფლომასტერი, ან ფურცელი იქნება იმავე ხარისხის, რაც რეალურად იქნა გამოყენებული არჩევნების დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა ჩატარდეს ერთი და იგივე ექსპერიმენტი ერთსა და იმავე საქმეზე, მაშინ, როდესაც ეს ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა და საქმეში მტკიცებულების სახითაც დევს. გარდა ამისა, გაუგებარია, რის საფუძველზე აყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ ამორიცხოს ის ბიულეტენები, რომლებიც ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შესაბამისი უბნებიდან, და ეს ბიულეტენებიც დათვალიერდა ადგილზე. დათვალიერების შედეგად კი გამოჩნდა, რომ ყველგან არის დარჩენილი (მარკერის) კვალი. ამ ამორიცხვის საფუძველი რა არის? გაუგებარია. ეს არის გარემოება, რომელიც დადასტურებულია. ამიტომ, ჩვენ სხვა ოლქებთან მიმართებითაც ანალოგიური შუამდგომლობა გვაქვს.


➡ რაც შეეხება მოსამართლის ცოლის პოსტებს, ამას არ აქვს საქმესთან შემხებლობა, რადგან მეუღლის აქტივობა არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი გახდეს. ბატონმა დიმიტრიმ (გვრიტიშვილი) თვითაცილება არ გააკეთა საკუთარი განცხადებების გამო, და ახლა თქვენ გვეუბნებით, რომ მეუღლის პოსტების გამო მოსამართლე ხუჭუას თავი უნდა აეცილებინა?! ან რატომ არ დააყენეთ ეს შუამდგომლობა პროცესზე, როდესაც ამის შესაძლებლობაც გქონდათ? განვიხილოთ, რა არის ამ პოსტების შინაარსი (მოსამართლის მეუღლის პოსტები), მაგალითად, სიმონიანის კრიტიკა, რომელიც არის რუსი პროპაგანდისტი. ეს ჯდება მოსამართლის ცოლის გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს." - განაცხადა საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.