ვარშავაში 14 მაისს დაარეგისტრირეს პირველი ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება, რითაც პოლონეთმა ევროკავშირის სასამართლოს ვერდიქტი შეასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„დღეს დილით ჩვენ გავეცით პირველი ქორწინების მოწმობა ერთნაირსქესიანი წყვილისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად,“ – განაცხადა ვარშავის მერმა.

12 მაისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მაქსიმალურად სწრაფად მოძებნის გზებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. ასევე მან ერთნაირსქესიან წყვილებს ბოდიში მოუხადა.

ტუსკმა პოლონელ ოფიციალურ პირებს, მიუხედავად მათი პირადი შეხედულებებისა, მოუწოდა, პატივი სცენ თითოეული ადამიანის ღირსებას.

„ეს ადამიანები ცხოვრობენ ჩვენ გარშემო და იმსახურებენ ისეთივე პატივისცემას, ღირსებასა და სიყვარულს, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი“, – აღნიშნა ტუსკმა.

პოლონეთში  ერთნაირსქესიანი ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა აკრძალულია. დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პოლონეთი ვალდებულია, დააკანონოს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, დონალდ ტუსკის მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ დააკანონებდა სამოქალაქო პარტნიორობას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის. თუმცა, მას წინააღმდეგობა შეხვდა მისივე კოალიციის კონსერვატიული ფრთისგან და ასევე პრეზიდენტისგან, რაც პროცესს აფერხებს.

ცნობისთვის, ნოემბერში ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ პოლონეთი დაავალდებულა აღიაროს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში გაფორმებული  ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებები, მაშინაც კი, თუ პოლონეთის კანონმდებლობით ეს აკრძალულია.

მარტში პოლონეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით დაავალა ხელისუფლებას, აღიაროს გერმანიაში ქორწინებაში მყოფი ორი პოლონელი მამაკაცის ქორწინება.