კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდისგან სასწაულების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მოდით, ვიყოთ გულახდილები, უკრაინის საკითხის დარეგულირება იმდენად რთულია, რომ ტყვეთა გაცვლის ან დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმებაც უკვე მიღწევაა. 

არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ველოდოთ რაიმე სახის გარღვევას სასწაულების კატეგორიაში – ამჟამინდელ სიტუაციაში ეს რთულად შესაძლებელია.

ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ინტერესების დაცვას, ვაპირებთ ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფას და იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც თავიდანვე დავისახეთ". - თქვა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის სპიკერმა უარი თქვა ომის დასრულების შესახებ პოტენციური შეთანხმების სავარაუდო ვადების დასახელებაზე.

"ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, სანამ მაღალი დონის შეხვედრების შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ". - თქვა პესკოვმა.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სტამბოლში 24 ივლისს გაიმართება.