ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა "ჰამასის" საბრძოლო გეგმა, რომელიც გამოიყენეს 7 ოქტომბრის შეჭრისთვის, მის განხორციელებამდე ერთი წლით ადრე მიიღეს, მაგრამ სერიოზულად არ აღიქვეს, მიიჩნიეს რა, რომ მისი განხორციელება ძალიან რთული იყო, – წერს New York Times, რომელმაც მოიპოვა დოკუმენტები და კორესპონდენცია.
დაახლოებით 40 გვერდიანი მასალა, კოდური სახელწოდებით, „იერიქონის კედელი“, ეტაპობრივად ასახავს 7 ოქტომბერს განხორციელებულ შეჭრას, რასაც 1200 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას მოჰყვა. დოკუმენტში არ იყო მითითებული თავდასხმის თარიღი, მაგრამ დეტალურად იყო აღწერილი ღაზას სექტორის გარშემო არსებული სიმაგრეების დასაძლევად, ისრაელის ქალაქების დასაპყრობად და ძირითადი სამხედრო ბაზების შტურმისთვის აუცილებელი მოქმედებები. გეგმა მოიცავდა თავდასხმის დასაწყისში რაკეტების გასროლას, საზღვრის გასწვრივ სათვალთვალო კამერებისა და ტყვიამფრქვევების მწყობრიდან გამოყვანას დრონების გამოყენებით და ისრაელში მასიურ შეჭრას, მათ შორის პარაპლანიტებისა და მოტოციკლების საშუალებით. ჰამასი ამ გეგმას "შემაძრწუნებელი სიზუსტით" მიჰყვა, - აღნიშნავს გამოცემა.
დოკუმენტი ასევე მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების, საკომუნიკაციო ცენტრების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ და სხვა მგრძნობიარე ცნობებს. ეს აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებდა "ჰამასი" სადაზვერვო მონაცემებს და შესაძლებელია თუ არა საუბარი ინფორმაციის ისრაელის სადაზვერვო სამსახურებიდან გაჟონვის შესახებ, აღნიშნავს გამოცემა.
ისრაელის სამხედროები და დაზვერვა კარგად იცნობდნენ ამ დოკუმენტს, მაგრამ, NYT-ის ცნობით, მათმა ხელმძღვანელობამ ეს სერიოზულად არ მიიღო, რადგან ასეთი მასშტაბური და ამბიციური გეგმის განხორციელების ალბათობა მინიმალურად ითვლებოდა. უცნობია, იცნობდნენ თუ არა გეგმას ბენიამინ ნეთანიაჰუ ან სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.
NYT-ის ცნობით, გასულ წელს, დოკუმენტის მიღებიდან მალევე, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ნაწილის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ღაზას საზღვრის დაცვაზე, განაცხადეს, რომ "ჰამასის" განზრახვები ბუნდოვანია.
„ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, მიიღეს თუ არა გეგმა სრულად და როგორ განხორციელდება იგი“, - ნათქვამია გამოცემის მიერ მოპოვებულ სამხედრო შეფასებაში.
შემდეგ ივლისში, შეჭრამდე სამი თვით ადრე, ისრაელის რადიოტექნიკური სადაზვერვო სააგენტოს გამოცდილმა ანალიტიკოსმა გააფრთხილა, რომ "ჰამასმა" ჩაატარა ინტენსიური ერთდღიანი წვრთნები, რომელიც იდენტური იყო "იერიქონის კედელში" ასახულისა.
„კატეგორიულად უარვყოფ, რომ სცენარი ფიქტიურია. ეს გეგმა ომის დასაწყებად არის შექმნილი. ეს არ არის მხოლოდ სოფელში რეიდი“, - წერს ის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში, საიდანაც ამონარიდები მოჰყავს გამოცემას. მაგრამ ღაზას დანაყოფის პოლკოვნიკმა მისი შეშფოთება სერიოზულად არ მიიღო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტი „იერიქონის კედელი“ ნათელს ჰფენს ათწლეულების მანძილზე დაშვებული შეცდომების სერიას, რამაც გამოიწვია ის, რასაც დღეს ოფიციალური პირები უწოდებენ ისრაელის დაზვერვის ყველაზე დიდ „ჩავარდნას“ მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, რამაც გამოიწვია 1973 არაბეთ-ისრაელის ომი.
ყველა ამ წარუმატებლობის გულში იყო „ერთი ფატალური არასწორი რწმენა იმისა, რომ „ჰამასს“ არ გააჩნდა თავდასხმის შესაძლებლობები და ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას“. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, "ეს რწმენა იმდენად არის ფესვგადგმული ისრაელის მთავრობაში, რომ მათ უგულებელყვეს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებების სერია".
გამოცემის ცნობით, ისრაელის შეიარაღებულ ძალებში და უსაფრთხოების სამსახურში არ უპასუხეს NYT-ის შეკითხვებს.