ღაზაში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ნაცვლად, ისრაელი მცირე ჯგუფებით მოქმედების ტაქტიკას მისდევს, რაც თანხვედრაშია იმ რეკომენდაციებთან, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი და ისრაელში მივლენილი კონსულტანტები ისრაელს ერთი მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის ნაცვლად, ისრაელს წერტილოვანი და ლიმიტირებული რეიდების ჩატარებას ურჩევდნენ.
მასალაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე ისრაელის ტაქტიკა ემთხვევა ამერიკელების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ღაზაში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დაწყება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით არაერთ რისკთან იყო დაკავშირებული, მათ შორის მასშტაბურ მსხვერპლთან მშვიდობიან მოსახლეობაში, საომარი მოქმედებების გაჭიანურებასა და რეგიონულ ომთან.
"ლოიდ ოსტინის კონცენტრირებული ძალისხმევის შედეგად ისრაელმა გადახედა და გააუმჯობესა ღაზაში ოპერაციის გეგმა",- ამბობს გაზეთთან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი.
კიდევ ერთი ფაქტორი რამაც ისრაელის გეგმების ცვლილება გამოიწვია მაღალი ალბათობით მძევლების ფაქტორია - ბოლო მონაცემებით ჰამასის ტყვეობაში 229 ადამიანია.
27 ოქტომბერს ისრაელმა არმიის ნაწილები ღაზაში შეიჭრნენ, ცახალის წარმომადგენელმა ღაზაში ოპერაციის გაფართოების შესახებ გამოაცხადა. ამასთანავე ისრაელის არმიაში განმარტავდნენ, რომ ეს არ ნიშნავდა ღაზაში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.