შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე - ბ.გ. დააკავეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დადგინდა, რომ დაკავებული პირი, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ეროვნულ დონეზე იძებნებოდა, კერძოდ: ქურდობის, სხეულის დაზიანების, თაღლითობისა და ციხიდან გაქცევისათვის.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა თურქეთის მოქალაქის გაძევების ღონისძიება „ვალეს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, სადაც დაკავებული გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მის მიმართ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.






