დაწესებული მკაცრი საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთმა შეძლო რაკეტებისა და სხვა შეიარაღების წარმოების მოცულობის გაზრდა და ბოლო მონაცემებით ის ომამდელ ნიშნულსაც აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ამერიკულ და ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი ჩინოვნიკების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის საწყის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად პირველი 6 თვის განმავლობაში რუსეთის მიერ წარმოებული რაკეტების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა უკვე 2022 წლის მიწურულს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულმა კომპლექსმა მნიშვნელოვნად გაზარდა სიმძლავრეები.
მოსკოვმა მოახერხა ლოგისტიკური კვანძებისთვის ორგანიზება მესამე ქვეყნების გავლით, რუსეთმა თითქმის სრულად აღადგინა შეიარაღებისთვის აუცილებელი კრიტიკული მაკომპლექტებლის შესყიდვა ისეთი ქვეყნების გავლით როგორიცაა სომხეთი და თურქეთი.
ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ცნობით, თუ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი წელიწადში 100 ტანკს აწარმოებდა, ამ დროისთვის იმავე დროში 200 ტანკს აწარმოებს.
სპეციალისტების ცნობით, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საარტილერიო ჭურვების წარმოების მოცულობაც. ბოლო მონაცემებით რუსეთი წელიწადში 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, რაც უფრო მეტია, ვიდრე აშშ და ევროკავშირი ერთად აღებული.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, კუსტი სალმას თქმით, ამ დროისთვის რუსეთის საარტილერიო ჭურვების წარმოების ტემპი შვიდჯერ აღემატება დასავლეთისას.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ რუსეთი წარმოების დროს უგულებელყოფს უსაფრთხოების ზომებს, რის შედეგადაც ჭურვების წარმოება დასავლეთთან შედარებით ჯერადად იაფი უჯდება.
"სანქციები უფრო ეფექტური იქნებოდა, რუსეთს, რომ ასობით სხვადასხვა მაკოპლექტებელი სჭირდებოდეს, მაგრამ ჩიპები, რომელიც ასობით ფრთოსანი რაკეტის დასამზადებლად არის საკმარისი ერთ ზურგჩანთაში ჩაეტევა",- ამბობს გაზეთთან საუბარში სამხედრო ექსპერტი, დმიტრი ალპერტოვიჩი.
გამოცემასთან საუბარში ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ დასავლეთს შეუძლია შეამციროს ან ხელი შეუშალოს კონტრაბანდას, თუმცა ამის სრულად აღკვეთა შეუძლებელი იქნება.