ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ისრაელს ურჩევს გადადოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ღაზის სექტორში - ამგვარად თეთრი სახლი ცდილობს დამატებითი დრო მოიგოს ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გასათავისუფლებლად და ომის დაწყებამდე ღაზაში საკმარისი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ამერიკელებს სურთ მოემზადონ შესაძლო ესკალაციისთვის ირანული პროქსი ძალების მხრიდან რეგიონში, რაც მაღალი ალბათობით ღაზაში ოპერაციის დაწყების შემთხვევაში გარდაუვალია.
წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ მხარს უჭერს ისრაელის მიერ გაცხადებულ მიზანს - ჰამასის განადგურებას, თუმცა მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს ჰამასმა 2 მძევალი გაათავისუფლა, თეთრი სახლი ისრაელს სთხოვს დამატებით დროს მძევლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ჯო ბაიდენსა და ბიბი ნეთანიაჰუს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 22 ოქტომბერს შედგა. თეთრი სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეგვიპტის მხრიდან ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
გამოცემის წყაროს თქმით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გადადების რჩევა ისრაელის მთავრობასთან შეხვედრის დროს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გააჟღერა.