ფინურ გამოცემა Helsingin Sanomat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და შვილად აყვანაზე დასმულ კითხვას მკაფიო პასუხი არ გასცა. მისმა ნათქვამმა უნგრულ მედიაში თავდაპირველად განსხვავებული ინტერპრეტაცია გამოიწვია.

ფინურ გამოცემა Helsingin Sanomat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ბრიუსელთან პოლიტიკური შეთანხმება მოახერხა, რომელიც ევროკავშირის მიერ ადრე გაყინულ სახსრებზე წვდომას უზრუნველყოფს. როგორც „აიპრესი“ წინა მასალაში წერდა, მადიარმა ასევე განაცხადა, რომ ეს თანხები უნგრეთის ხალხს ეკუთვნის და რომ უნგრეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს და იარაღის ტრანზიტსაც არ დაუშვებს.

ინტერვიუს მეორე ნახევარში მას ჰკითხეს ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და შვილად აყვანის ლეგალიზაციის შესახებ. სექტემბრის პრესკონფერენციაზე მადიარმა პირობა დადო, რომ შვილად აყვანის წესები შეიცვლებოდა და რომ მინისტრები მომავალში ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებდნენ. ფინურ გამოცემასთან საუბარში მან დაადასტურა თავისი მიდგომა, რომ ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა ერთნაირსქესიან მშობლებთან ერთად გაზრდილიყო, ვიდრე ბავშვთა სახლში. თუმცა, კითხვაზე, მხარს უჭერდა თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და შვილად აყვანას, მან არ გასცა მკაფიო პასუხი:

„მე ძალიან ფრთხილი ვარ. როგორც პრემიერ-მინისტრს, მე მაქვს მოვალეობა წარმოვადგინო ყველა უნგრელი და ჩვენ გვაქვს მგრძნობიარე თემები, როგორიცაა [სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა] ან ევთანაზია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავდაპირველად უნგრულმა მედიამ, Helsingin Sanomat-ის სტატიაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადიარი არ აპირებს მხარი დაუჭიროს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის შტაბმა განმარტა, რომ მას სინამდვილეში ეს არ უთქვამს და რომ ეს მხოლოდ ფინელი ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო, უნგრულმა მედიამ, მათ შორის Telex-მა, სტატიის სათაური და ტექსტი შეცვალა. გამოცემამ სტატიას შემდეგი შენიშვნა დაურთო:

„ჩვენი სტატიის სათაური და ტექსტი განახლდა. Helsingin Sanomat-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პეტერ მადიარს არ ჰქონდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერის განზრახვა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, რომ მას სინამდვილეში ეს არ უთქვამს და რომ ეს მხოლოდ ფინელი ჟურნალისტის განცხადება იყო“.

წყარო: Telex.hu / Helsingin Sanomat

მოამზადა რაულ კაპანაძემ