აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან „უაღრესად წარმატებული“ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის. ამის შესახებ ტრამპმა 9 ოქტომბერს საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა. ინფორმაციას Reuters-ი და Associated Press-ი ავრცელებენ
თეთრი სახლის ეს ნაბიჯი მოულოდნელი და წინააღმდეგობრივია — ის აშშ-ის მიერ რუსეთზე განხორციელებულ მრავალწლიან ეკონომიკურ ზეწოლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და კიევსა და ვაშინგტონს შორის ყველაზე დიდ დიპლომატიურ განხეთქილებას ქმნის ომის დაწყების შემდეგ.
ტრამპის განმარტებით, შეთანხმება რამდენიმე ფაზად განხორციელდება:
○ დაუყოვნებლივ — 300 000 ტონაზე მეტი დიზელი
○ ნოემბერში — დამატებით 500 000 ტონა
○ დეკემბერში — კიდევ 1 000 000 ტონა
○ ამასთანავე, რუსეთის გადამმუშავებელი ქარხნების მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში — კიდევ 3 მილიონი ტონა
ჯამში საუბარია 4,8 მილიონ ტონამდე საწვავზე.
„ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, რანჩერებისთვისა და სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია“, — დაწერა ტრამპმა და ნავთობის გამოყოფის გამო რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა:
„მადლობა პრეზიდენტ პუტინს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარიგებაა“
სანქციები დროებით მოიხსნა
განცხადების პარალელურად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გენერალური ლიცენზია გასცა, რომელიც რუსული დიზელის ყიდვა-გაყიდვასა და იმპორტს სანქციების გარეშე 2027 წლის 7 აპრილამდე ნებადართულს ხდის.
ეს არის სრული შემობრუნება წინა პოლიტიკასთან — სულ ერთი თვის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებდა უკრაინაში ომის გამო.
რატომ ახლა?
თეთრი სახლის ნაბიჯი 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე გადაიდგა. დიზელის ფასები, რომელიც სოფლის მეურნეობაში, სახლების გათბობასა და ტვირთების გადაზიდვაში გამოიყენება, რეკორდულ ნიშნულთანაა და ირანთან ომის დაწყების შემდეგ 70%-ითაა გაზრდილი.
ზელენსკის მკაცრი რეაქცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის ნაბიჯს „სუსტი გადაწყვეტილება ძლიერი პარტნიორების მხრიდან“ და „პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარი“ უწოდა.
„პუტინისთვის საჩუქრები ცივილიზებული სამყაროს არც მშვიდობას და არც სარგებელს არ მოუტანს. რუსეთი დიზელისთვის „მადლობას გადაიხდის“ შემდგომი ტერორითა და სისაძაგლეებით. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა არის ინვესტიცია ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაგრძელდეს. ჩვენ რუსეთთან გვესაჭიროება ნამდვილი და სარკისებრი დეესკალაცია“, — დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
Axios-თან ინტერვიუში მან იმედგაცრუებით დაამატა:
„იცით, ეს პუტინისთვის დაბადების დღის საჩუქარს ჰგავს. უბრალოდ საშინლად გამოიყურება“.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმ დროს გამოცხადდა, როცა თეთრ სახლში მისი გუნდი ომის დასრულების გეგმაზე მუშაობდა:
„ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს უბრალოდ შირმად იყენებენ. და ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი. ეს ნამდვილად არ არის პარტნიორული. და ეს, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ძლიერი პარტნიორების მხრიდან სუსტი გადაწყვეტილებაა“.
წყარო: „ნიუ-იორკ პოსტი“, „როიტერი“, USA Today, Nikkei Asia, KNKX, „უკრაინსკა პრავდა“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




