ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ფინურ გამოცემა Helsingin Sanomat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
პეტერ მადიარმა ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა. მან განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ მოახერხა ბრიუსელთან ისეთი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომელიც ევროკავშირის ადრე გაყინულ სახსრებზე წვდომას უზრუნველყოფდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თანხები უნგრეთის ხალხს ეკუთვნის და შეთანხმება ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უკრაინასთან დაკავშირებით, პეტერ მადიარმა ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზებისკენ მოუწოდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის საკითხი წამოჭრა. საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმიერკარპატეთში უნგრული უმცირესობის უფლებების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია. მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი არ აპირებს უკრაინისთვის შეიარაღებული დახმარების გაწევას და არ უშვებს იარაღის ტვირთების მის ტერიტორიაზე ტრანზიტს.
რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა პრაგმატული მიდგომის გამოყენებას მიანიზჭა უპირატესობა. მან აღიარა, რომ უნგრეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება ერთ ღამეში ვერ აღმოიფხვრება. მისი თქმით, ახალი ენერგორესურსები უნდა მოიძებნოს და რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება თანდათან უნდა შემცირდეს.
წყარო: Helsingin Sanomat.fi, Index.hu
მოამზადა რაულ კაპანაძემ




