ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
დღესასწაულის ფარგლებში ხალხური და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს ქართული ტრადიციული კულტურისა და იმერული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. წარმოდგენილი იყო ღვინის კუთხე, სადაც სტუმრებს მიეცათ საშუალება, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ჯიშის ქართული ღვინო და გასცნობოდნენ ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს.
მოეწყო სპეციალური საბავშვო-გასართობი სივრცეები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა და თოჯინების თეატრმა იზრუნეს.
საზეიმო ღონისძიებაზე ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. ასევე, გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები.
ტრადიციულად, ჯილდოები გადაეცათ მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს.
სადღესასწაულო ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის რეგიონისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.
საღამო გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც ჯგუფი "ურსა" და ზაზა ნოზაძე მონაწილეობდნენ









