დევნილმა მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის უფლებამოსილი მიიღოს კომპენსაცია, როგორი სტატუსით და რა წესით განისაზღვრება ამაზე უფლებამოსილი პირი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ ეტაპზე კომპენსაციის მიღების უფლება უწყდებათ ცალკეულ პირებს. ეს უსასრულო ვერ იქნება.

„რამდენიმე წლის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა, თუ ვინ არის უფლებამოსილების მატარებელი. ამ შემთხვევაში გარკვეული ეტაპის შემდეგ დაბადებულ პირთათვის ცალკე ასეთი ვალდებულება სახელმწიფოს არ წარმოეშვება.

რაც შეეხება პირებს, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნით, მათი რაოდენობა დაახლოებით 40 000 ოჯახამდე რჩება. ეს აღინიშნა დღევანდელ ბრიფინგზე, რომ 10 წელიწადი დასჭირდება ამას, რომ სრულად ამოიწუროს ვალდებულება და გადაწყდეს. პირთა წრე უკვე განსაზღვრულია, ვისაც აქვს უფლებამოსილება მიიღოს სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია თუ ბინის გადაცემა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა დაიწყება, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.