ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე ისაუბრა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო ძალიან ძვირ საფასურს იხდის. ამიტომ, არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან ხელახლა არჩევის შემთხვევაში მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური პროგრამა წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას დღეს უყრიან კენჭს.