ამის შესახებ ინფორმაციას დანიის და კოსოვოს საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

გუშინ, კოსოვოს პარლამენტის 120 დეპუტატიდან 86-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს და დანიის მთავრობებს შორის მიღწეული იმ შეთანხმების რატიფიცირებას, რომლის ძალითაც კოსოვო 10-წლიანი იჯარით გადასცემს ციხის 300 საკანს დანიას და სანაცვლოდ დანია კოსოვოს 210 მილიონ ევროს გადაუხდის.

დანიის იუსტიციის მინისტრი მიესალმა კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და მას "ნამდვილად კარგი ამბავი" უწოდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია დანიის ციხეებში ადგილების გამოთავისუფლება და ბალანსის აღდგენა. ეს ასევე იქნება ნიშანი საზღვარგარეთიდან ჩამოსული კრიმინალებისთვის, რომ მათ არ აქვთ მომავალი დანიაში და სასჯელსაც კი აქ ვერ მოიხდიან", - თქვა მინისტრმა.

კოსოვოში დეპორტირებულმა უცხოეთის მოქალაქე მსჯავრდადებულებმა სასჯელი იმავე პირობებში უნდა მოიხადონ, როგორც დანიის ციხეებში. კოპენჰაგენი ვერ შეძლებს იქ გაგზავნოს ტერორიზმის ან ომის დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები, ან ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები. ციხეს დანიელი ზედამხედველი უხელმძღვანელებს და დაკომპლექტდება ადგილობრივი მცხოვრებლებით. ხელშეკრულება ითვალისწინებს დეპორტაციაზე მსჯავრდადებული უცხოელების პირდაპირ სამშობლოში დეპორტაციის შესაძლებლობას კოსოვოში სასჯელის დასრულების შემდეგ.

ციხე, რომლის 300 საკანიც დანიას იჯარით გადაეცემა, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინადან  50 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გილანში მდებარეობს.