თეატრისა და კინოს მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2024 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.
თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა.
მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ: ზურაბ კახაბრიშვილს (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი); მერაბ კილაძეს (ექიმი; პროფესორი); გიორგი ჭუმბურიძეს (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი); დიმიტრი ბაზერაშვილს (ექიმი, პროფესორი); გიზო გაბესკირიას (რეჟისორი); გვანჯი მანიას (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი); ბიძინა სონღულაშვილს (ინჟინერი); ნათელა ვასაძეს (ფილოლოგი, პროფესორი); გელა ფარჩუკიძეს (დირიჟორი); ნელი სალაძეს (სპორტსმენი, მწვრთნელი); მზია აფრიდონიძეს (მუსიკოსი, მხატვარი); გურამ ბათიაშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი); კახა ქორიძეს (არქიტექტორი, მსახიობი); გოგი მარგველაშვილს (რეჟისორი); თამაზ გოდერძიშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი); ნელი კობიაშვილს (ჟურნალისტი, პუბლიცისტი); გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი); ვახტანგ ცუხიშვილს (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძეს (მსახიობი); გურამ კალანდაძეს (გეოლოგი); ნელი ბერაიას (მსახიობი და მხატვარი); თენგიზ გაჩეჩილაძეს (პედაგოგი, ჟურნალისტი); თეიმურაზ ლეჟავას (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში); ოლესია თავაძეს (მხატვარი).
დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისს გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ.
„თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – აღნიშნა კალაძემ.