გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციები ძალაში რჩება და ახალი ზომები მხოლოდ ეტაპობრივ გამონაკლისებს მოიცავს.

პრემიერის თქმით, მის მიერ გაკეთებული განცხადებები არასწორად გაიგეს და გაერთიანებული სამეფო არ გეგმავს რუსეთისთვის არსებული სანქციების შემსუბუქებას.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მიმდინარე მოვლენების არასწორად გაგება და დამახინჯება ძალიან სერიოზული საკითხია. ეს არის ახალი აკრძალვები, ეს არის ახალი სანქციები, ეს არის ახალი აკრძალვები საზღვაო მომსახურებაზე თხევადი ბუნებრივი აირის შესახებ გუშინდელი დღიდან. ისინი ეტაპობრივად ამოქმედდება, ისევე როგორც წინა სანქციების რეჟიმები ეტაპობრივად ამოქმედდა, ზუსტად ისე, როგორც წინა მთავრობამ გააკეთა. სხვა ქვეყნებიც ზუსტად იმავეს აკეთებენ, ევროკავშირს აქვს საკუთარი გზა ამის გასაკეთებლად. ავსტრალიას და კანადას აქვთ საკუთარი გზა ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა სტარმერმა.

სტარმერმა აღნიშნული განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც რუსული ნედლი ნავთობით წარმოებულ საავიაციო საწვავზე და დიზელზე სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

იქამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელის საწვავად და საავიაციო ნავთად გადამუშავდება.