თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა პოლიტიკური სიძულვილისა და გამწვავებული რიტორიკის შედეგია.
ლევიტის თქმით, შაბათს საღამოს დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და პირველი შესწორების აღნიშვნას ეძღვნებოდა, თავდამსხმელის მოქმედებამ ჩაშალა.
ლევიტის განცხადებით, ეს ბოლო ორ წელიწადში დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკვე მესამე სერიოზული მცდელობაა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს.
„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი, პირველი ლედი და თეთრ სახლში მყოფი ყველა ადამიანი უაღრესად მადლიერია იმ მამაცი სამართალდამცავი პროფესიონალების მიმართ, რომლებიც მოქმედებაში ჩაერთნენ პოტენციური მკვლელის დასაკავებლად და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი განსაკუთრებით მადლიერებას გამოხატავს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის იმ მამაკაცებისა და ქალების მიმართ, რომლებმაც უდიდესი პროფესიონალიზმითა და გამბედაობით იმოქმედეს. ეს მოიცავს გმირ აგენტს, რომელმაც მკერდში ტყვია მიიღო. საბედნიეროდ, ის ჟილეტმა გადაარჩინა“, – განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, სროლის დროს დონალდ ტრამპისა და მელანია ტრამპის გვერდით იჯდა და პრეზიდენტის რეაქციამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„პრეზიდენტის სიმშვიდე ქაოსის ფონზე, როდესაც კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდა მის მოკვლას, მართლაც საოცარი სანახავი იყო. ამას არასდროს დავივიწყებ. პრეზიდენტი ტრამპი უშიშარია, რადგან უყვარს ეს ქვეყანა და მზადაა, საკუთარი სიცოცხლე გაწიროს, რათა შეასრულოს დაპირებები, რომლებიც მან მისცა საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია“, – განაცხადა ლევიტმა.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოება ბუნებრივია, თუმცა დაპირისპირება მშვიდობიანი უნდა დარჩეს.
„შეიძლება, მწვავე უთანხმოება გვქონდეს. მე ხშირად არ გეთანხმებით თქვენ, მედიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ეს უთანხმოება უნდა დარჩეს მშვიდობიანი. დებატები, მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებია გზა, რომლითაც უთანხმოებები უნდა წყდებოდეს და არა ტყვიებით. ბოლო წლებში არავის შეხვედრია მეტი ძალადობა, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს. პრეზიდენტ ტრამპის მიმართ 11 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიმართული ეს სიძულვილით აღსავსე, მუდმივი და ძალადობრივი რიტორიკა ხელს უწყობდა ამ ძალადობის ლეგიტიმაციას და ამ ბნელ მომენტამდე მიგვიყვანა. ისინი, ვინც პრეზიდენტს მუდმივად ცრუ ბრალდებებით ფაშისტად, დემოკრატიის საფრთხედ მოიხსენიებენ და ჰიტლერს ადარებენ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, ამ ტიპის ძალადობას ახალისებენ. მემარცხენე ფრთის სიძულვილის კულტმა პრეზიდენტის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას მხარს უჭერს და მისთვის მუშაობს, მრავალი ადამიანი დაჭრა და მოკლა და თითქმის იგივე გაიმეორა ამ შაბათ-კვირას. როდესაც კითხულობთ ამ მსროლელის მანიფესტს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად განსხვავდება ამ თითქმის მკვლელის რიტორიკა იმისგან, რასაც ყოველდღიურად კითხულობთ სოციალურ მედიაში და ისმენთ სხვადასხვა ფორუმზე. პასუხი, თუ საკუთარ თავთან გულწრფელი იქნებით, არის ის, რომ საერთოდ არ არსებობს განსხვავება. პოტენციური მკვლელის მანიფესტის დიდი ნაწილი განურჩეველია იმ სიტყვებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად ბევრისგან ვისმენთ“, – განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, ლევიტმა გააკრიტიკა ჯიმი კიმელი, რომელმაც, მისი თქმით, რამდენიმე დღით ადრე მელანია ტრამპს „მომავალი ქვრივი“ უწოდა.
„ამგვარი რიტორიკა პრეზიდენტზე, პირველ ლედიზე და მის მხარდამჭერებზე სრულიად ავადმყოფურია. წარმოუდგენელია, რომ ამერიკელი ხალხი ამას ყოველ ღამე უსმენს“, – განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, ლევიტმა მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დააფინანსოს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
„ეს ეროვნული საგანგებო მდგომარეობაა. კონგრესის ყველა წევრმა პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა უნდა დააყენოს და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტი დააფინანსოს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.







